სიახლეები


„ძირითადად ქიმიასა და ფიზიკაში ჩაიჭრნენ“ - რა იგულისხმა პრემიერობის კანდიდატმა განათლების რეფორმაში და რა ხარვეზებს ხედავენ ექსპერტები
20-06-2018
-
+


პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლებაში მასშტაბური ინვესტიციები და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იგეგმება. „ეს იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

Etaloni.ge დაინტერესდა რას გულისხმობს პრემიერობის კანდიდატი და რა ხარვეზები იკვეთება განათლების არსებულ სისტემაში? 

განათლების ექსპერტის, ნუცა კობახიძის შეფასებით, განათლებაში ფუნდამენტური, გრძელვადიანი და კომპლექსური რეფორმებია საჭირო. როგორც მან Etaloni.ge-სთან აღნიშნა, აუცილებელია იმ ადამიანების პროფესიული განვითარებაც, ვინც ამ პროცესში იქნებიან ჩაბმულნი

„რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით ფუნდამენტური, გრძელვადიანი და კომპლექსური რეფორმებია საჭირო. მაგალითად, უნდა ჩამოყალიბდეს მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების, ასევე მათი პროფესიული განვითარების ეფექტური სისტემა, საჭიროა სკოლის სასწავლო პროგრამის (კურიკულუმის) გადახედვა და სასწავლო პროგრამების გაძლიერება (სტანდარტების აწევა), სასკოლო სასწავლო წლის გახანგრძლივება და მოსწავლეთა შეფასების მრავალასპექტიანი სისტემის დანერგვა. ხელი უნდა შეეწყოს სკოლაში მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას, ინოვაციის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითობის განვითარებას. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, საუნივერსიტეტო დაფინანსების არსებული მოდელი უნდა შეიცვალოს, გაიზარდოს სამეცნიერო კვლევის დაფინანსება, კვლევების არეალი გაფართოვდეს და მოხდეს ინტერნაციონალიზაცია.  

ზოგადად, საჭიროა მუდმივი შიდა შეფასება იმისა, რა მუშაობს და რა - არა. აუცილებლად მიმაჩნია იმ ადამიანების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ვინც ჩართული იქნება რეფორმების პროცესში. საჭიროა მერიტოკრატიაზე* და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე დაფუძნებული განათლების სისტემის შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანამ  სოციალური პროგრესის მიღწევა და ეკონომიკური განვითარება შეძლოს. განათლების პოლიტიკა, სტრატეგია და რეფორმები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს. მთელი რიგი საგანმანათლებლო და სოციალური პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომ ამ მიზანს მოვაღწიოთ. ცხადია, ამას თან უნდა სდევდეს განათლების დაფინანსების მკვეთრი ზრდა და პოლიტიკური ნება, სხვანაირად ფუნდამენტურ რეფორმებს ვერცერთი სახელმწიფო ვერ განახორციელებს.“

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებზე ყურადღების გამახვილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე. მისი განმარტებითვე, მთავარია ზუსტად ჩამოყალიბდეს რა რეფორმები ჩატარდება და რა დაფინანსება იქნება აუცილებელი:

„განათლების რეფორმა გულისხმობს მთლიანი ჯაჭვის რეფორმას. ვერ გამოვყოფთ, რომ მხოლოდ სასკოლო განათლებას მიექცეს ყურადღება ან - სკოლამდელს და ა.შ. ეს იწვევს სწორედ რეფორმის ჩავარდნას. მთლიანი სისტემა უნდა დავინახოთ. ცალსახად, ქვეყნები, რომლებშიც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები განვითარებულია, ეკონომიკურად უფრო გამართულნი არიან. ამ თვალსაზრისით, ზუსტი მეცნიერებების განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა დარგებს და მიმართულებებს გააჩნია. მაგალითად, შეიძლება სოფლის მეურნეობაზე გააკეთო აქცენტი, ოღონდ იმ კუთხით, რომ ამ სფეროში ტექნიკურ განვითარებაზე იზრუნო, რათა პროდუქტიულობა და ეფექტურობა გაიზარდოს. შესაბამისად, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რას რატომ ვაძლიერებთ და მას რა ფინანსები სჭირდება.

ზოგადად, განათლების სისტემისთვის დაფინანსების გაზრდა და მასში ინვესტირება ცალსახად კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ისევ არსებულ სისტემაში დავხარჯავთ უფრო მეტს, ეს არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება. ახლანდელი სისტემის ფარგლებში მხოლოდ ბიუჯეტის გაზრდა გულისხმობს მეტი ხარჯის ფონზე ისევ იმავე შედეგს. ამიტომ არსებითია ვიცოდეთ რა რეფორმა ტარდება, რა ხედვებია და რა ფინანსებია საჭირო ამისთვის,“ - განაცხადა ტაბატაძემ.

ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილის განცხადებით კი, მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული პროგრამა ახალს არაფერს ამბობს და ისევ ძალაში რჩება სისტემის მთავარი გამოწვევა-ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

„პრემიერობის კანდიდატის მსგავსი პროგრამა ჰქონდა ყველა წინა მთავრობის ხელმძღვანელს. ყველა ამბობს, რომ საქართველოში განათლების სისტემაში ინვესტიციების ზრდის გარდა, ზუსტ მეცნიერებებსა და ახალ ტექნოლოგიებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამ ფონზე, არ იცვლება წინა ხელისუფლების ყოფნის დროს სკოლებში ფიზიკასა და ქიმიაზე დაკლებული საათების რაოდენობა. ამიტომ, დაპირება ცარიელი სიტყვებია და პრემიერობის კანდიდატს ახალი არაფერი უთქვამს-ძველი პროგრამა წაიკითხა. 

რაში გამოიხატება, რომ განათლების სისტემა პრიორიტეტულია მთავრობისთვის? პრიორიტეტულობა ნიშნავს იმას, რომ ყველაზე დიდი დაფინანსება ამ სფეროს ჰქონდეს. რეალურად კი ამ სექტორში მწირი ბიუჯეტია. განათლების სისტემა საშინელ დღეშია. წინა წელთან შედარებით კატ-ის (საატესტატო) გამოცდაზე წელს 1400 ბავშვით მეტი ჩაიჭრა. არ ვამბობ, რომ საერთოდ არ უნდა ჩაიჭრას ვინმე, მაგრამ - ამდენი? ძირითადად ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები, ფიზიკა და ქიმია ვერ ჩააბარეს. რა ახალ ტექნოლოგიებზე საუბრობენ ამის ფონზე? 21-ე საუკუნე არის ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გენეტიკის საუკუნე და ამ საგნებს თუ არ მიხედავენ, რა ფუნდამენტურ რეფორმებზე ვსაუბრობთ? ვირტუალური ლაბორატორიები კი არ უნდა შექმნან, ნამდვილი ლაბორატორიები უნდა გააკეთონ,“ - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. 

პრემიერობის კანდიდატი ახალ მთავრობას ორ-სამ კვირაში წარადგენს. მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული რეფორმებიც ამ პერიოდიდან უფრო მკვეთრ შტრიხებს შეიძენს.  

*მერიტოკრატია - მმართველობის ფორმა ან სხვა სტრუქტურა, სადაც თანამდებობები გადაიცემა და პასუხისმგებლობა მიენიჭებათ ადამიანებს, მათ დემონსტრირებულ ტალანტზე და შესაძლებლობებზე (დამსახურებაზე) დაყრდნობით.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
სტუდენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებდა, რის გამოც იგი სცემეს
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება