სიახლეები
ინტერვიუ, რჩევები

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ შვილს დიაბეტი აქვს და როგორ დავიცვათ ბავშვები ამ დაავადებისგან
30-07-2018
-
+


ბავშვებში დიაბეტის გამოვლენის შემთხვევებმა მთელ მსოფლიოში იმატა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, მსოფლიოში უკვე 400 მილიონზე ადამიანი ცხოვრობს ამ სენით და სწრაფი მატება ეპიდემიის ხასიათს იღებს.

შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ნორმალურად შაქრის, ანუ გლუკოზის შეთვისება და ამის გამო სისხლში შაქრის დონე იზრდება. შაქრიანი დიაბეტი ვითარდება საკმაოდ სწრაფად, შესაბამისი მკურნალობის გარეშე პროგრესირებს და იღებს რთულ ფორმებს.

რა იწვევს ბავშვებში დიაბეტს, როგორ მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს ამ მხრივ პრობლემა აქვს და როგორ დავიცვათ ბავშვები ამ დაავადებისგან? ამ კითხვებზე Etaloni.ge-ს ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ირაკლი ფაღავამ უპასუხა.

– ბატონო ირაკლი, დიაბეტი არის ცალსახად გენეტიკური დაავადება თუ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელიც მის წარმოშობაში მონაწილეობენ?

– შაქრიანი დიაბეტი სხვადასხვანაირია და ამ ერთი სახელწოდების ქვეშ რამდენიმე დაავადება იმალება. მემკვიდრული კომპონენტი კი მათ უმრავლესობას აქვს და გააჩნია რა სახის დიაბეტია, იმის მიხედვით, სხვადასხვაგვარად არის ხოლმე გამოკვეთილი. ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში, თუ მშობელს დიაბეტი აქვს, შვილს 100–დან 50 შანსი აქვს, რომ მასაც ექნება. ზოგის შემთხვევაში კი 100-დან - 5 შანსია.

– როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს დიაბეტი აქვს?

– ავტოიმუნური შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1, ანუ ინსულინდამოკიდებულება ვლინდება ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში. ამ დროს ხდება დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა – ღამე ან გაეპარება, ან რამდენჯერმე წამოდგება საპირფარეშოში გასასვლელად, ძალიან ბევრ სითხეს ეტანება და წონაში იკლებს. ამ დროს აუცილებლად უნდა გაუზომოთ სისხლში შაქრის შემცველობა.

თუ უფრო მსუბუქი ტიპის დიაბეტია, ამ დროს შეიძლება აღინიშნებოდეს პირის გამოშრობა, გარკვეული ნაკაწრის გამიზეზება, რომელიც რთულად ხორცდება, მიდრეკილება სოკოვანი დაავადებებისადმი და ა. შ. 

– დიაბეტი მოულოდნელად ვლინდება?

– დიახ, სრულიად მოულოდნელად, უცბად შეიძლება გამოვლინდეს.

– კვებას, ცხოვრების წესს თუ აქვს მნიშვნელობა დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით? ტკბილ საკვებს თვლიან ასეთ დროს ყველაზე მავნედ.

– რა თქმა უნდა, ცხოვრების წესს აქვს მნიშვნელობა. თუ საუბარი გვაქვს შაქრიან დიაბეტ ტიპ 2–ზე, ანუ ინსულინდამოუკიდებელზე, ის ხშირად არის კავშირში სიმსუქნესთან. თუ საუბარია ინსულინდამოკიდებულ დიაბეტზე, იქ სხვადასხვა აზრია, მაგრამ ყველა მშობელს ვურჩევ, შვილებს ბევრ ტკბილეულს ნუ აჭმევენ. შეიძლება დიაბეტი არ გამოიწვიოს, მაგრამ ტკბილეული ასუქებს და კბილებს აფუჭებს.

– ხშირად ამბობენ ხოლმე, ინერვიულა და დიაბეტი დაემართაო. მოზარდსაც შეიძლება ნერვიულობის ნიადაგზე დიაბეტი განუვითარდეს?

– ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის დაწყება ნერვიულობაზე მეტად შეიძლება ვირუსულ ინფექციებს დავუკავშიროთ.

– ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება ეს გამოიწვიოს?

– დიახ, ნებისმიერმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას დიაბეტი დაეწყება, თუმცა საკმაოდ ხშირად, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებას რამდენიმე კვირით უსწრებს ხოლმე წინ ვირუსული ინფექცია.

– იმასაც ამბობენ, რომ ინფექციური დაავადებების, ე.წ. ბატონებისა და ვირუსული ინფექციის ერთად გადატანა იწვევს ბავშვებში ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს.

– ე.წ. ბატონები წარმოადგენს ინფექციურ და ხშირად ვირუსულ დაავადებას. რამდენიმე ვირუსული დაავადების შემდეგ, რომლებსაც ბატონების სახელის ქვეშ ვაერთიანებთ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში, ნამდვილად შეიძლება დიაბეტი გამოვლინდეს მისი მობრძანება – წაბრძანებიდან რამდენიმე კვირაში.

– ეს დაავადებები იწვევენ დიაბეტს თუ მაპროვოცირებელი ფაქტორია?

– საკამათოა – შეიძლება ხელი შეუწყოს ან გამოიწვიოს. ხშირად გარკვეულ როლს თამაშობენ, მაგრამ არა ყოველთვის. 

– როცა ბავშვი გენეტიკურად დატვირთულია დიაბეტით, შეიძლება მშობელმა ისეთი ღონისძიებები გაატაროს, რომ შვილს მაინც აარიდოს თავიდან ეს დაავადება?

– გააჩნია რომელ დიაბეტზეა საუბარი. თუ შაქრიანი დიაბეტის ტიპ 2-ზეა საუბარი, მაშინ, ბავშვი არ უნდა იყოს მსუქანი და ბავშვს არ უნდა ვაძლევდეთ ცომეულობასა და ტკბილეულობას, უნდა დაგვყავდეს სპორტზე, უნდა იყოს გამხდარი და დაკუნთული. თუ ეს 1 ტიპის დიაბეტია, ცოტა რთულია რაიმეს განსაზღვრა. ბავშვს მინის ყუთში ვერ ჩავსვამთ, მაგრამ როცა ვირუსების სეზონია და ყველა აცემინებს, იმ სეზონზე მაინც ნუ წავიყვანთ ხალხმრავალ ადგილებში. ბინებში არის ხოლმე მშრალი სიმხურვალე – გათბობის ნებისმიერი სისტემა ჰაერს აშრობს. ამიტომ, აუცილებელია ჰაერის დატენიანება, თორემ უფრო ადვილად დაავადდება ბავშვი ვირუსული ინფექციით. სპეციალური ხელსაწყოები არსებობს, რომლებიც ჰაერს ატენიანებენ. უფრო მარტივი გზა დატენიანებისა კი არის ტაშტი წყლით და სველი ტილო, რომელიც ყველა ოთახში უნდა დავაწყოთ. ოთახი აუცილებლად უნდა გავანიავოთ.

ასეთი ღონისძიებებს ზოგჯერ მოსდევს შედეგი და გენეტიკა უკან რჩება, მაგრამ ზოგჯერ – არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯობია, შვილი ჯანსაღად აღვზარდოთ.

– ცოტა რთულია, ბავშვს აუკრძალო ტკბილეულის ჭამა.

– აკრძალვა არ უნდა და არც რთულია – არ უნდა ვუყიდოთ.

– თუ ბავშვს ტკბილზე მოთხოვნილება აქვს?

– და საიდან გაუჩნდა ეს მოთხოვნილება, ვინ გაასინჯა პირველად? ისევ და ისევ მშობელმა. ტკბილეული მავნეა. ეს არის ლეგალიზებული ნარკოტიკი, ისევე როგორც თამბაქო და ალკოჰოლი.

– თქვენს შვილებს უყვართ ტკბილეული?

– უყვართ, მაგრამ არ ვაჭმევ. ჩემ ზურგს უკან გაასინჯეს. ახლა კი სახლში არ მიმაქვს, მაგალითად, ნაყინი. ამ სეზონზე მხოლოდ ერთხელ მივიტანე – სტუმრები იყვნენ და ცოტა ბავშვებსაც ერგოთ. არც ჩემი მეუღლე ყიდულობს და ბავშვებს ძალიან იშვიათად უწევთ ტკბილის ჭამა. ბევრ ოჯახში ყოველდღიურად აჭმევენ ბავშვებს კანფეტებს. შოკოლადის კანფეტები აწყვია ლარნაკში. ბავშვი ყოველდღიურად ჭამს და რომ დაცარიელდება, იმ ლარნაკს ისევ ავსებენ. მეც მიყვარს ტკბილი, მაგრამ წლებია აღარ ვჭამ. შაქარს საერთოდ არ ვიყენებ. მხოლოდ ახალ წელს ან აღდგომას ვაძლევ თავს უფლებას გოზინაყი თუ ნამცხვარი გავსინჯო.

 – რით დავუკმაყოფილოთ ბავშვს ტკბილის მოთხოვნილება? 

– ტკბილი ხილით – ატამი, ქლიავი, თუთა, რომელიც უფრო ტკბილია. ბავშვს თუ ღიპი ედება, უფრო მეტი სიმკაცრე გვმართებს. თუ გამხდარია და ფიზიკურადაც აქტიური, შეიძლება თვალი დავხუჭოთ რაღაცაზე, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ჩვენთან მშობლებს მიაჩნიათ, თუ შვილი რაღაცას სთხოვს, აუცილებლად უნდა აუსრულონ. წიგნს ან ბურთს თუ გთხოვს, უყიდე, მაგრამ როცა მავნე საკვებს გთხოვს, რატომ უნდა შეუსრულო?! 6, 8 ან 11 წლის ბავშვი საიდან აიღებს, მაგალითად, ჩიფსებს, თუ ფულს არ გაატან ან თვითონ არ უყიდი?

სიმსუქნის ეპიდემია მოზრდილებში უკვე კარგა ხანია მძვინვარებს. ყოველი მესამე პაციენტი ჩემთან სიმსუქნის ჩივილით მოჰყავთ. სიმსუქნე კი, შემთხვევათა უმრავლესობაში, არასწორი კვებითა და უმოძრაობით არის განპირობებული. მშობელმა იმ თანხის ნახევარი მაინც, რასაც კანფეტებსა და ტკბილეულობაში იხდის, სპორტში რომ ჩადოს, შეუდარებლად ჯანმრთელი თაობა გვეყოლება. თუ მშობელს აქვს დიაბეტის ტიპი 2, 100-დან დაახლოებით 40 შანსია, რომ შვილსაც ექნება ადრე თუ გვაინ იგივე დაავადება. თუ შვილი გასუქდება, ეს შანსი 80-90-მდე იზრდება. თუ ივარჯიშებს და წონას შეინარჩუნებს, 100-დან 5-მდე ჩამოდის დიაბეტის შანსი. ან შეიძლება, ასეთ დროს, შვილს დიაბეტი 70 წლის ასაკში ჩამოუყალიბდეს და არა – 40 წლისას. ერთ ქალბატონს ვკითხე, ტკბილეულს თუ აძლევთ შვილს-მეთქი და მიპასუხა, ფაქტობრივად არა, დღეში მხოლოდ ხუთ ცალ „ქინდერ სიურპრიზს“ ვყიდულობ, სხვას არაფერსო. ერთი პატარა ბიჭი საწუწნ კანფეტს „ეჭიდავებოდა“ და ვერ ხსნიდა. მამას მიმართა, გამიხსენიო. მამამ უთხრა, შვილო, კუჭი გასკდომაზე გაქვს და იქნებ არ გინდაო. არა, მინდაო, ჯიუტად უთხრა ბავშვმა. მამამაც, მორჩილად გაუხსნა კანფეტი და მისცა. მამას რომ არ ესმოდეს, რომ კუჭი გასკდომაზე აქვს და მავნეა ეს ტკბილი, კიდევ გავიგებდი, მაგრამ როცა გესმის და მაინც აძლევ?! ტკბილი ლიქიორი რომ მოითხოვოს ბავშვმა, უყიდით?! 4 წლის ბავშვი უკვე 4-5 კილომეტრს უნდა დადიოდეს დღეში. თუ ბავშვი ფიზიკურად იტვირთება, პატარა დიეტური ზიგზაგი კიდევ შეიძლება, მაგრამ ბავშვი, რომელიც დილიდან საღამომდე ზის ტელეფონთან თუ კომპიუტერთან და ლაყდება... მშობელი ბავშვისთვის ვერ იცლის და აძლევს ტელეფონს – თავი დამანებე და გაერთეო. ჩვენი შვილებისთვის გარკვეული დრო უნდა გამოვყოთ და ეს დრო გავატაროთ არა ქეიფში, არამედ სეირნობასა და ვარჯიშში.

– რაც შეეხება პურს, რომელიც ასუქებს?

– პური გარკვეული რაოდენობით აუცილებელია. ჩვენს ქვეყანაში კი პურს ზედმეტად იყენებენ, ყველაფერს პურთან ერთად ჭამენ. აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, რომ სიმსუქნე, დიაბეტისკენ მიმავალი გზის დასაწყისია. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება